ხელისუფლება საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტს იწყებს, რომლის მიზანი 2025 წლისთვის საქართველოს სრული ინტერნეტიზაციაა.

პროექტში, რომელსაც სახელმწიფოს მიერ დაარსებული Open Net-ი ახორციელებს, ფონდი „ქართუ“ 70-დან 100-მილიონამდე დოლარს ჩადებს, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობას მოხმარდება.

როგორც მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში შექმნილ ინფრასტრუქტურაზე პროვაიდერებს თავისუფალი დაშვება ექნებათ.

როგორ აისახება ინტერნეტპროვაიდერების ბაზარზე სახელმწიფოსა და ფონდი „ქართუს“ ერთობლივი პროექტი, რა საფრთხეებს უქმნის ის სფეროს და რა შესაძებლობას აძლევს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს?

„კომერსანტის“ კითხვებს „მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე მიშა გოთოშია პასუხობს:

– თავდაპირველად განვმარტოთ ქსელზე თავისუფალი დაშვების რეჟიმი. როგორც დღეს ითქვა, ინტერნეტიზაციის პროცესი სწორედ ამ პრინციპით წარიმართება. რას ნიშნავს ეს და რა შესაძლებლობებს აძლევს ინტერნეტ პროვაიდერებს?

– თავისუფალი დაშვება ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ინტერნეტ პროვაიდერს შესაძლებლობა ექნება კონკრეტულ გეოგრაფიულ წერტილში თავისუფლად, უპრობლემოდ ჩაერთოს სახელმწიფოს კომპანია Open Net-ის მიერ გაკეთებულ ქსელზე, მიუერთდეს ინფრასტრუქტურას.

მაგალითად „სილქნეტს“ აქვს დღეს დაშვების წერტილი, სადაც სხვა ოპერატორებსაც შეუძლია მიერთება, თუმცა,ასეთი სულ რამდენიმე წერტილია საქართველოში. Open Net-ის მიერ ინფრასტრუქტურის გამართვის შემთხვევაში კი დაშვების წერტილები იქნება ბევრი, ძალიან ბევრი. დაახლოებით 2 ათას სოფელში აპირებენ, რომ შევიდნენ. შესაბამისად, რომელ კომპანიასაც ექნება სურვილი, მიუერთდება ქსელს და მიაწვდის ინტერნეტს მომხმარებელს.

– ის, რომ ბევრი დაშვების წერტილი გაჩნდება ქვეყანაში, ხომ არ გამოიწვევს ახალი ინტერნეტ პროვაიდერების გაჩენას ბაზარზე, ან უკვე არსებული კომპანიების გაძლიერებას, რომლებიც დღეს არ არიან დომინანტები?

– დღეის მდგომარეობით საქართველოში 100-ზე მეტი პროვაიდერია. რა გავლენა ექნება ამ პროექტს ბიზნესოპერატორებზე, დამოკიდებულია ფასზე, რომელიც ექნება ინტერნეტს დაშვების წერტილში. თუ ფასი იქნება ადეკვატური და დაბალი, ბუნებრივია, მცირე და საშუალო ინტერნეტ-პროვაიდერები ამ წერტილიდან მიიღებენ ინტერნეტს და აღარ მოუწევთ შესყიდვა თბილისში, რასაც ტრანსპორტირების თანხაც ემატება და აძვირებს საბოლოო პროდუქტს.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის იდეა გენიალური იდეაა, უბრალოდ მისი განხორციელება სიფრთხილეს მოითხოვს, რადგან ერთ შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ ძალიან კარგი შედეგი, მეორე შემთხვევაში კი, თუ რაიმე გადაცდომა იქნება და რამეს ვერ გათვლის Open Net-ი, შეიძლება აბსოლუტურად სხვა, ძალიან ცუდი, შედეგი მივიღოთ.

– რას გულისხმობთ, სად არის საფრთხეები, სად დევს ეს პატარა “ნაღმები”?

– იმისთვის, რომ კომპეტენტური დასკვნები გავაკეთოთ, უნდა გავეცნოთ კონცეფციას, რომელიც დამტკიცებულია. სამწუხაროდ, არ გვინახავს ჯერ. ყველაზე საინტერესო მაინც ფასია, რა არის ფასი და საიდან გამოდის ეს ფასი. ამაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული.

ასევე მნიშვნელოვანია, კონკრეტულად რა წერტილებში მივა ინტერნეტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ეს წერტილი მისაღებია? თუ არ არის მისაღები ოპერატორებისთვის? სოფელში სად უნდა მივიდეს კონკრეტულად სად – სოფლის ცენტრში? თუ სოფლის თავზე რომ მთაა, იქ? ამას შესწავლა უნდა და ძალიან რთული სამუშაოა.

– როგორც მივხვდი, თავისუფალი დაშვების რეჟიმი კონკურენციას გაზრდის და შესაძლოა, გაძლიერდნენ მცირე და საშუალო კომპანიები. მაგრამ ხომ არის იმის საფრთხეც, რომ დღეს არსებული 2 წამყვანი ინტერნეტ კომპანია – „კავკასუს ონლაინი“ და „სილქნეტი“ კიდე უფრო გაძლიერდნენ, რადგან მათ მეტი რესურსი აქვთ?

– საშიშროება ნამდვილად არის. ზუსტად ამას ვსაუბრობ, რომ აქ არის საფრთხეები. ამიტომ ბევრი კითხვაა ამ პროექტის გარშემო მაგალითად, თუ უკვე არსებობს კაბელი კონკრეტულ ადგილზე, Open Net-ი ახალს დებს? იმ კაბელს იღებს? ვის ქსელზე აპირებს მიერთებას და ა.შ.
„კავკასუსიც“ და „სილქნეტიც“ ბიზნეს კომპანიებია და არა ჰუმანიტარული ორგანიზაციები? ამიტომ მათ თავისი მოგება უნდა ნახონ. ისეც არ შეიძლება, რომ Open Net-ის პროექტმა მოკლას ეს ორი დიდი კომპანია, გნებავთ ოთხი, რადგანაც არიან სხვა დიდი კომპანიებიც, როგორიცაა დელტაკომი“, „ახალი ქსელები“ და ა.შ.
მეორე მხრივ, პირიქით, შეიძლება ყველაფერი ისე გადალაგდეს, რომ ამ დიდმა ოპერატორებმა ჩაიგდონ ხელში ყველაფერი და მაშინ მცირე და საშუალო ბიზნესოპერატორები ცუდ დღეში ჩავარდებიან.

– რადგან გაქვთ კითხვები პროექტის გარშემო, საინტერესოა, იყავით თუ არა ჩართული რომელიმე ეტაპზე მის დაგეგმვაში? რადგანაც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ითქვა, რომ პროექტი მომზადდა ბიზნესოპერატორებთან კომუნიკაციით…

– ვიყავით ჩართულები, თუმცა, ეს ჩვენი მოთხოვნა იყო და დიდხანს ვითხოვდით პროცესში მონაწილეობის მიღებას. საბოლოო ჯამში, ჩაგვრთეს ამ მოლაპარაკებებში. თვითონ კონცეფციის შედგენის დროს ჩვენი რეკომენდაციები გვქონდა და მივაწოდეთ Open Net-ს. ამის შემდეგ არ ვიცით, რა გაითვალისწინეს და რა არა. ეს კონსულტაციები დაახლოებით 2 თვის წინ შედგა.

– არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აქვს 2014 წელს გამოქვეყნებული კვლევა, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის თითქმის ნახევარს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. რადგან დღეს მთავრობამ დაინახა საჭიროება, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაცია მოხდეს, ალბათ, ამ მხრივ კვლავ რთული სიტუაციაა ქვეყანაში. თავიდან, როდესაც ქვეყანაში ინტერნეტიზაციის პროცესი დაიწყო, სწრაფად განვითარდა ქსელი, თუმცა, რაღაც ეტაპზე გაჩერდა. როგორ ფიქრობთ, რა იყო ამის მიზეზი?

– უნდა ითქვას, რომ 2014 წლის მონაცემები ახლა უკვე მოძველებულია. დღეს რადიკალურად არის შეცვლილი სურათი. ინტერნეტთან წვდომა ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, ჩაერთოს ქსელში ანუ მის ტერიტორიაზე ინტერნეტი მისულია. ასეთი წვდომა დასახლებული პუნქტების 80%-ში არსებობს და ამის თქმა თამამად შემიძლია. როგორც ვახსენე, 100-დე მეტი ოპერატორია ამ მიმართულებით და თითოეულ დასახლებულ პუნქტში 3-4 მცირე და საშუალო ოპერატორი მაინც მუშაობს. ამას ემატება კიდევ მსხვილი კომპანიები – „დელტაკომი“, „სილქნეტი“, „კავკასუს ონლაინი“ და ა.შ.

ამ შემთხვევაშიც ყველაფერს განსაზღვრავს ფასი – კომპანიას, რომელსაც დაფარული აქვს ვანის რაიონი მთლიანად, რომელსაც რთული გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, ფასი აქვს საკმაოდ მაღალი. მიზეზი ისაა, რომ ინტერნეტის ჩატანა ადგილზე არის რთული. კონკურენციის გაწევა კი ასეთ პირობებში მცირე და საშუალო ოპერატორების მხრიდან მსხვილი კომპანიების მიმართ რთულია. სწორედ ამიტომ შეიქმნა Open Net-ი, რომ ინფრასტრუქტურა გააკეთოს და იაფი იყოს ვანში მისვლა.

არსებობს რეგულირებული ფასი ამ მიმართულებით – 38 ლარი დღგ-ს ჩათვლით 1 მეგაბიტზე. ანუ როდესაც ჩვეულებრივი ოპერატორი ყიდულობს მსხვილი კომპანიისგან ინტერნეტს ვანისთვის, ერთ მეგაბიტში უნდა გადაუხადოს 38 ლარი. ამ დროს თბილისში, მაგალითად საბურთალოზე მცხოვრები ადამიანისთვის 100 მეგაბიტი ინტერნეტის ფასი არის 100 ლარი, ანუ ერთი მეგაბიტი ღირს 1 ლარი. რეალურად ვანში 38-ჯერ ძვირი უჯდება მომხმარებელს ინტერნეტი. განსხვავება ამ ინტერნეტებს შორის არის, მაგრამ როგორ უნდა გაუწიოს კონკურეცია მცირე კომპანიამ დიდ კომპანიას, როდესაც ის 38 ლარად ყიდულობს ინტერნეტს, რომელსაც მსხვილი კომპანია ყიდის 1 ლარად? ამიტომ ვამბობ, რომ ყველაფერი მიდის ფასებამდე.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი