გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებას  ინტერნეტის საბითუმო მომსახურების ტარიფების განახევრებასთან დაკავშირებით, რომელიც 26 დეკემბერს გამოქვეყნდა კომისიის ინტერნეტ გვერდზე.

პირველ რიგში გვინდა მივესალმოთ მარეგულირებელი კომისიის აღნიშნულ აქტივობას  მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ პირებთან ხარჯზე ორიენტირებული ტარიფების დაწესების მიმართულებით,  კერძოდ ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად მუშაობასთან დაკავშირებით, თუმცა სამწუხაროდ ვერ დავეთანხმებით განცხადების სათაურს და იმ კონტექსტს რომელიც ამ განცხადებაშია წარმოდგენილი ფართო საზოგადოებისთვის.

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციამ მიმდინარე წელს ორჯერ მიმართა განცხადებით კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ინტერნეტ მომსახურების  ბაზრის ლიბერალიზაციის და ტარიფების შემცირების თხოვნით. ჩვენს განცხადებაში მთავარი აქცენტი ტარიფების ხარჯებზე ორიენტირებას შეეხებოდა, თუმცა ამ ეტაპამდე არ არის დაწყებული შესაბამისი საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.

კომისიამ კონკურენციის უზრუნველსაყოფად, 2013-2014 წლის მონაცემების ანალიზის საფუძველზე მისივე გადაწყვეტილებით დაადგინა ტარიფის დათვლის მეთოდოლოგიაც და შესაბამისად ზღვრული ტარიფიც 32 ლარს ოდენობით ერთ მეგაბიტი/წამზე. მოცემულობები არსებითაა შეცვლილი და თუნდაც საქართველოს მეზობელ ქვეყნებში დადგენილი იგივე ტარიფები ბევრად მცირეა (1.5-2 ევრო თურქეთი, 1.7-2 ევრო უკრაინა, 1.4-1.7 ევრო ბულგარეთი,  სომხეთში ტარიფი შეადგენს საშუალოდ 5 აშშ დოლარზე ნაკლებს). ადგილობრივი ინტერნეტ ბაზრის პრობლემების ცხადად დასანახად  საკმარისია სომხეთის ოპერატორზე „გაყიდული“ მომსახურების ფასიც, რომელიც ტრანსპორტირების ფასთან ერთად, 7.4 ლარს შეადგენს ერთ მბიტ/წმ-ზე გათვლით საზღვარზე.

ზემოთ მოყვანილი მონაცემები ცხადყოფს რომ ადრეა ტარიფების განახევრებაზე ვისაუბროთ. განცხადება ემყარება მხოლოდ „კავკასუს ონლაინის“ შეთავაზებას, თუმცა ამ სეგმენტზე სხვა მონოპოლისტებიც ოპერირებენ, თუმცა აქვე საგულისხმოა რომ მცირე და საშუალო ოპერატორის მიერ შესყიდული მომსახურების სიმძლავრე ვერ ხვდება 2001-დან 10 000-მდე  მბიტ/წმ-იან ფარგლებში  და შესაბამისად  15 ლარიან ტარიფშიც.  კანონი მოითხოვს რომ კომისიამ  დათვალოს რამდენია ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფი და დაადგინოს ზედა ზღვრული ტარიფი ერთ ერთეულზე.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „კომისია ასევე აგრძელებს მუშაობას ინტერნეტის ქსელით მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კომპლექსური კვლევისა და ანალიზის მიმართულებით, რაც ინტერნეტის საცალო მომსახურებასთან მჭიდროდ დაკავშირებული საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტების რეგულირებას ითვალისწინებს, მათ შორის: მაგისტრალურ არხებთან დაშვებას, ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვებას, ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილებთან დაშვებას.“ გვინდა ვთხოვოთ კომისიას რომ ამ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ღია გახადოს  დაინტერესებული პირებისთვის, რაც გახდის ამ წარმოების მიმდინარეობის დეტალებსაც და ბაზრის სეგმენტებსაც.

იმ მოცემულობების პირობებში როდესაც კონკურენტი მონოპოლისტი კომპანიები მომხმარებელს საცალო ბაზარზე სთავაზობენ  100 ლარად 100 მბ/წმ-იანი ინტერნეტ პაკეტებს (რომელშიც ინტერნეტის გარდა, შედის ტელევიზია და ტელეფონია), როდესაც ერთი მბიტ/წამის ფასი 32 ლარია, არაგონივრულია რომ თუნდაც 15 ლარის დასაშვებობაზე ვიმსჯელოთ. საცალო ბაზარზე არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვანია საბითუმო ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესაფასებლად. მიგვაჩნია, რომ არასამართლიანი და ასიმეტრიული ტარიფები და ვერტიკალურად ინტეგრირებული ოპერატორები, უხეშად არღვევენ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებებს და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

სრულიად მიუღებელია „50%-ით განახევრებული“ ტარიფი გაურკვეველია პროცესების არაოფიციალურ რეჟიმში წარმართვის პროცედურები. კანონს ავალებს კომისიას ზღვრული ტარიფი დაადგინოს ხარჯების და სხვადასხვა პარამეტრების შეჯერებით, ღია ადმინისტრაციული წარმოებით. სრულიად გაურკვეველია რატომ არ შეიძლება იყოს ტარიფი თუნდაც 5, 7 ანდ თუნდაც 11 ლარი ერთ მბიტ/წმ-ზე. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ბაზრის კვლევა და ანალიზი და ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფის დადგენა მოხდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში და არა ოპერატორების „კეთილი ნების“ საფუძველზე.

განცხადების ბოლოს მივესალმებით კომისიის ამ ინციატივას და სურვილს რომ მოწესრიგდეს ინტერნეტ ბაზარზე არსებული განუკითხაობა, გაიზარდოს მომსახურების ხარისხი და შემცირდეს ფასები. დასარეგულირებელია ის სეგმენტებიც რომელიც ჩამოთვლილია კომისიის პრესრელიზის ბოლო აბზაცებში, თუმცა ასევე ყურადღება უნდა მიექცეს რეგიონებში ურთიერთჩართვის წერტილების არარსებობასაც და სატრანსპორტო ქსელის მაღალ ფასებს, ისევე როგორც ოპტიკურ  ქსელთან დაშვების საკითხებს.