21-ე საუკუნეში უსადენო ინტერნეტს, ე.წ. Wi-Fi გადამცემებს, უფრო სწრაფი, ოპტიკურიინტერნეტი ანაცვლებს. მძიმე პირობებში უწევთ ფუნქციონირება საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს, რადგან მათ ბაზარზე არსებულ არაჯანსაღ კონკურენციასთან უწევთ გამკლავება.
სტუდია მონიტორინგის ჟურნალისტური გამოძიებიდან ირკვევა ის კანონდარღვევები, რასაც ამჟამად რეგიონში ფუნქციონირებადი მცირე და საშუალო ინტერნეტ პროვაიდერები აწყდებიან. ირკვევა, თუ როგორ აფერხებს ენერგო-პრო ჯორჯია სწრაფი და იაფი ინტერტის უზრუნველყოფას რეგიონებში. ბესო წიქაძე ერთ-ერთი ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიის ხელმძღვანელია, რომელსაც ენერგო-პრო ჯორჯიას მიერ მათ ბოძებზე ოპტიკური სადენების განთავზებასე უარის გამო, მცირე კომპანიის თანხების არამიზნობრივად დახარჯვა უწევს. ერთი ბოძი დაახლოებით 200 ლარი ჯდება, 1 კმ-ში 30 ასეთი ბოძია საჭირო, რაც დაახლოებით 6000 ლარს აღწევს. სოფლების დასაქსელად „აირმაქსს“ 1000-ზე მეტი ბოძი და ათეულობით კმ. მაგისტრალი სჭირდება. ქალაქ ზესტაფონში ინტერნეტის მიწოდება უკვე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით ხდება. შპს „აირმაქსს“ ზესტაფონის გამგეობამ ნება დართო ქალაქში არსებულ განათების ბოძებზე ოპტიკური კაბელი გაებათ. პრობლემა სოფლებში წარმოიშვა, სადაც ინფრასტრუქტურა მხოლოდ ენერგო-პრო ჯორჯიას გააჩნია. აღნიშნული ფაქტი შპს „აირმაქსი“-ს ხელმძღვანელის განცხადებით დისკრიმინაციას ჰგავს, რადგან თუ ერთ კომპანიას, კერძოდ კი „დელტაკომსს“, აქვს უფლება დაამონტაჟოს თავისი ინფრასტრუქტურა ენერგო-პრო ჯორჯიას ბოძებზე, მაშინ სხვა კომპანიებსაც აქვთ ანალოგიური უფლება. მსგავსი უარი მიიღო მარნეულში მომუშავე კომპანიამაც – „აილინკი“. კომპანიას მარნეულიდან ბოლნისამდე 2000-ზე მეტი აბონენტი ჰყავს. ინტერნეტის მიწოდება ძირითადად საჰაერო გზით უწევს, ოპტიკური ქსელის გაფართოება კი უჭირს.
საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, უჩა სეთურმა, სტუდია მონიტორინგის ჟურნალისტთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ენერგ-პრო ჯორჯიამ საქართველოს რეგიონებში მომუშავე ოპერატორებს გაფართოებაში შეუშალა ხელი. ეს აისახება ფასებზე,
განსხვავებული მდგომარეობაა კახეთის რეგიონში, სადაც დენის მიმწოდებელი სხვა კომპანია-„კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ არის. მათი მიერ, ბოძებზე ოპტიკური სადენების განთავსების უფლების მიცემით, მოსახლეობას სწრაფი და იაფი ინტერნეტის მიღების საშუალება აქვს.
კომუნიკაციის კომისიის მონაცემებით, 2017 წლის იანვარში ოპტიკური ინტერნეტი უმრავლესად დიდ ქალაქებშია გავრცელებული, რეგიონებში კი სავალალო მდგომარეობაა. კახეთში ოჯახების მხოლოდ 16%-ს აქვს ოპტიკური ინტერნეტი, შიდა ქართლში 10%-ს , სამცხე-ჯავახეთში 3,8%-ს, გურიაში 0,6%-ს, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი მხოლოდ 0,02%-ს.
ენერგო-პრო ჯორჯიაში ინტერვიუზე უარი განაცხადეს და აღნიშნეს, რომ მთელ საქართველოში ბოძების გამოყენების ექსკლუზიური უფლება კომპანია „დელტაკომს“ გადასცეს, რომელიც კომპანია „მაგთიკომი“-ს საკუთრებაა. აღსანიშნავია ფაქტი, რომ მაგთი და მისი შვილობილი კომპანიები საქართველოს ბაზრის სოლიდურ წილს ფლობენ. კომპანიის ასეთი გადაწყვეტილებით მცირე და საშუალო ინტერნეტ პროვაიდერებს დიდი დანახარჯების გაწევა უწევთ. თუმცა, ეს ფაქტი მოსახლეობასაც აზარალებს, რადგან კანონმდებლობით, ენერგო კომპანიის დამატებითი შემოსავლების ზრდასთან ერთად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია მოსახლეობას დენის ტარიფს უმცირებს.
აღსანიშნავია, რომ თავისუფალი კონკურენციის საფრთხესთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტოს საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციამ საჩივრის წერილით დაახლოებით ორი წლის წინ მიმართა. თუმცა, კომისიის განცხადებით აღნიშნული საჩივრის განხილვა მათ კომპეტენციაში არ შედიოდა, რის გამოც განცხადებას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, უჩა სეთურის, განმარტებით, დასავლეთ ევროპული ქვეყნების სტანდარტით, მსგავს სიტუაციებში კომპანიებს კანონი ავალდებულებს ინფრასტრუქტურაზე თავისუფალი დაშვება უზრუნველყონ, საქართველოში ეს კანონმდებლობა მომზადებულია, უახლოეს მომავალში შევა ძალაში და გარკვეული პრობლემური საკითხების განხილვა თავიდან იქნება საჭირო.
სამწუხაროდ, კანონის ძალაში შესვლამდე, რეგიონში მომუშავე მცირე და საშუალო ინტერნეტ პროვაიდერები საკუთარი ძალებით შეეცდებიან ქსელების გაფართოებას და მოსახლეობის სწრაფი და იაფი ინტერნეტით უზრუნველყოფას.