30 000 ოჯახისთვის კომპიუტერისა და ინტერნეტისთვის ვაუჩერების დარიგება 2018 წლიდან დაიწყება.
საყოველთაო ინტერნეტიზაციის პარალელურად 2016 წლის სექტემბერში დაანონსდა პროგრამა, რომელიც 30 000 ოჯახისთვის კომპიუტერისა და ინტერნეტისთვის ვაუჩერების დარიგებას ითვალისწინებს.
მსოფლიო ბანკის “ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის” მენეჯერის ბესო აბულაძის განუცხადებით, პროექტი შემუშავების ეტაპზეა, იქმნება სპეციალური ვებ-გვერდი, რომელში დარეგისტრირებაც პოტენციურ ბენეფიციარებს შეეძლებათ – ეს იქნება როგორც რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც ასევე საქართველოს რეგიონებში ოპერირებენ. 2017 წელს იგეგმება უფასო ტრენინგები კომპიუტერულ წიგნიერებაში და ელექტრონულ კომერციაში, რასაც მოჰყვება ვაუჩერიზაციის პროცესი უკვე 2018 წლიდან.
“ვებ-გვერდი უნდა გაეშვას, სადაც ავტომატურად მოხდება სისტემაში შემოსვლა, მათ მიერ პირობების არჩევა და ა.შ. ეს გარკვეულ დროს ითხოვს, რადგანაც ვებ-გვერდის დამუშავება ახლა მიმდინარეობს”,- აცხადებს პროექტის მენეჯერი.
ბიზნესის წარმომადგენლებმა პროექტში ჩასართავად გარდა ელექტრონული რეგისტრაციისა ტრენინგ-კურსები უნდა გაიარონ, რის შემდეგაც საჭიროებიდან გამომდინარე შეეძლებათ მიიღონ თანადაფინანსება. დახმარების მთლიანი პაკეტის ღირებულება, ტრენინგის ხარჯების ჩათვლით, დაახლოებით 3 ათასი ლარია.
“პირველადი ინსტალაციის ხარჯები აუცილებლად დაფინანსდება, რაც შეეხება კომპიუტერების ნაწილს, ვნახოთ, კიდევ მიდის მსჯელობა აღნიშნულ თემაზე, თუ რა სისტემით უნდა მოხდეს აღნიშნული ნაწილის დაფინანსება”,- აცხადებს ბესო აბულაძე.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში თითოეულ ოჯახს დაახლოებით 300-ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა. ვაუჩერის ნახევარი სახლში ინტერნეტის ინსტალაციას მოხმარდება, მეორე ნაწილი კი კომპიუტერის შესაძენად განვადების წინასწარი შენატანი იქნება.
წყარო: www.businesscontract.ge