თუშეთის განვითარების გეგმებზე “საქმიან დილასთან“ თუშეთის განვითარების ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი რატი კოჭლამაზაშვილი საუბრობს.

– როგორია თუშეთის განვითარების გეგმები?

– მცირე და საშუალო ზომის სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია, დაგვიკავშირდა და პარტნიორს ეძებდა, რომელიც თუშეთში ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელებაში დაეხმარებოდა. დამფინანსებელი ბელგიის მხარეა და იდეაა, რომ ინტერნეტიზაცია მოხდეს. თუშეთში დაახლოებით 45 საოჯახო სასტუმროა უკვე, თუმცა ინტერნეტი არ არის, ბევრ ადგილას ტელეფონიც კი არ იჭერს. ასეთი მთიანი რეგიონის განვითარებისთვის ყოველთვის ტრადიციული მხარეა, რომელიც აფერხებს ხოლმე და ამიტომ მოსახლეობის აზრი გამოვიკითხეთ რამდენად ეთანხმებოდნენ და უნდოდათ თუ არა ეს ინტერნეტიზაცია თუშეთში. შედეგები კარგი მივიღეთ. ყველა, ვინც ტურიზმშია ჩართული და არა მარტო ტურიზმში, მოგვიწერა ხელი და გამოკითხვამ წარმატებით ჩაიარა.იმედი გვაქვს, რომ აგვისტოში ეს პროექტი დაიწყება.

– თუშეთის განვითარების ფონდის ბიუჯეტირება როგორ გაქვთ გაკეთებული?

– ჩვენ რამდენიმე თუში ახალგაზრდა ვართ, რომლებიც შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ, რომ ამ მხარის განვითარებისთვის რაიმე წვლილი შეგვეტანა და ამიტომ საკუთარი ჯიბიდან ამოვიღეთ თანხა დავდეთ და ამით მცირე პროექტებს ვაფინანსებთ. ძირითადი აქცენტი ახალგაზრდებზე გვაქვს აღებული, ცოდნაში ვდებთ ინვესტიციას, რომ ეს სამომავლოდ ისევ და ისევ ამ კუთხეს გამოადგეს.

– ინვესტორების დაინტერესებაზე თუ მუშაობთ?

– იქ ელექტროენერგია არ არსებობს, ჩეხეთის მხარემ დააფინანსა მზის ენერგიის ბატარეები და შესაბამისად სასტუმროები, რომლებიც იქაა და რამდენიმე ფერმერი ამით იღებენ ელექტროენერგიას. სულ ათი თვეა, რაც ჩვენი ფონდი დაფუძნდა, გარკვეული მიმართულებები უკვე გვაქვს. ბევრი ადამიანი თავისით გვიკავშირდება, როდესაც ფონდის არსებობის შესახებ იგებს და დახმარების სურვილს გამოხატავს. რამდენადაც ჩვენ ნელ-ნელა ვიზრდებით ვაპირებთ, რომ ასევე უცხოელ ინვესტორებსაც დავუკავშირდეთ. თუშეთის განვითარების გეგმას შვეიცარიელები შეიმუშავებენ, ეს დაანონსდა. ჩვენ მზად ვართ, რომ ჩავერთოთ, ადგილობრივი მოსახლეობაც ჩართული უნდა იყოს და ჩვენ გვაქვს საბჭო, სადაც პერიოდულად მთლიანი მოსახლეობა ვიკრიბებით. თუშეთის საზოგადოება დიდი არ არის, დაახლოებით 15 000 ადამიანია.


– როგორ უნდა განვითარდეს თუშეთი, რა არის თქვენი რეკომენდაციები. რა უნდა მოხდეს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მოკლე პერიოდში მოხდეს ამ რეგიონის განვითარება?

– ნომერ პირველი პრობლემა ეს არის თუშეთში ასვლა, ანუ საავტომობილო გზას თბილისიდან დაახლოებით 6-7 საათი სჭირდება. კარგი იქნებოდა ვერტმფრენების რეგულარული რეისების დანიშვნა, როგორც ეს მაგალითად სვანეთშია. გზა ძალიან დიდ ინვესტიციას მოითხოვს და გვესმის, რომ ეს საქართველოს ბიუჯეტისთვის ძალიან რთულია, თუმცა ეს საქმე დასაწყებია და ეს იქამდე მიგვიყვანს, რომ უფრო მეტი ტურისტი მივა და არა მარტო უცხოელი, არამედ ადგილობრივიც. იმიტომ, რომ საქართველოშიც ბევრმა ახლა აღმოაჩინა ეს მხარე და ძალიან გაოცებულია. სხვათა შორის არა საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, არამედ ძირითადად დასავლეთ ევროპიდან და ამერიკიდან ჩამოსული ტურისტები სტუმრობენ ამ მხარეს.

წყარო: businesscontract.ge