საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმი – GeoIGF TBILISI 2016

5 სექტემბერს, საქართველოში, პირველად გაიმართება ინტერნეტ-მმართველობის ფორუმი(IGF). ღონისძიების თარიღზე, მასპინძელ ორგანიზაციებსა და სხვა ტექნიკურ დეტალებზე შეთანხმება საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის საზოგადოების სადამფუძნებლო კრების შეხვედრაზე მოხდა.

კრება აღნიშულ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების – „ინტერნეტის განვითარების ინიციატივა“(IDI), ინტერნეტ-საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობა (ISOC Georgia Chapter), „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია“, ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინიციატივით 4 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში გაიმართა.
ინტერნეტ-მმართველობის საზოგადოების სადამფუძნებლო კრებაზე განისაზღვრა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც IGF-ის ორგანიზებას და ჩატარებას უზრუნველყოფს. ფორუმი ხელს შეუწყობს ინტერნეტ-მმართველობის საკითხებზე მრავალმხრივ დიალოგს და პროცესებისა და კონსულტაციების ღიაობას, ასევე, ინტერნეტის მმართველობის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ზემოთ აღნიშნული ფორუმი წვლილს შეიტანს როგორც ინტერნეტ მმართველობასთან დაკავშირებულ პროცესებში მრავალმხრივი ჩართულობის მიდგომის ჩამოყალიბებაში, ისე მმართველობის დემოკრატიული ფორმის დამკვიდრებაში.
საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმის ინიციატივა დააჩქარებს დიალოგს დაინტერესებულ მხარეებს შორის, რაშიც მონაწილეობენ სამთავრობო, საპარლამენტო, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეებისა და ტექნიკური საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები. აღნიშნულმა ფორუმმა უნდა უზრუნვეყოს საქართველოს ინტერნეტის მმართველობის მრავალმხრივი ჩართულობის მოდელების დამკვიდრებისკენ სვლა.
ფორუმის სახელმძღვანელო პრინციპებია:

  • ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების დაცვა ინტერნეტში, დემოკრატიული პროცესების და კანონის უზენაესობის ხელშეწყობა;
  • ინტერნეტ-მმართველობის განხორციელება ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით;
  • საერთაშორისო რეგულაციების და ქვეყნის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა;
  • მომხმარებლების უფლებების და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა;
  • ინტერნეტის უნივერსალიზაციის ხელშეწყობა;
  • ინტერნეტის უსაფრთხოების და საიმედოობის, მდგრადობის და სანდოობის ხელშეწყობა;
  • ინტერნეტ-მმართველობის დეცენტრალიზებული და სოციალურ პასუხიმსგებლობაზე დამყარებული მიდგომების ჩამოყალიბების მხარდაჭერა;
  • ინტერნეტ სექტორში ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიების და სერვისების დანერგვის ხელშეწყობა;
  • ღია დაშვების და მომხმარებლისთვის არჩევანის თავისუფლების პრინციპების დანერგვა;
  • ინტერნეტში კულტურული და ლინგვისტური მრავალფეროვნების ხელშეწყობა, ლოკალური შინაარსის მოცულობის ზრდის განვითარების ხელშეწყობა.