მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი უჩა სეთური „სილნეტისა“ და „მაგთიკომის მხრიდან სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ტარიფების ზრდას ნეგატიურად აფასებს და ამბობს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებების გათვალისწინებით, ფასების ზრდის საჭიროება არ იკვეთება.
მისი შეფასებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ფასები ეტაპობრივად უნდა შემცირდეს.
სეთურის შეფასებით, ყველა წინაპირობა არსებობს, რომ ტარიფები არა თუ გაიზარდოს, არამედ შემცირდეს.
„საბოლოო სურათი გამოჩნდება მას შემდეგ, რაც კომისია შეისწავლის ამ საკითხს. თუმცა, მანამდეც შეგვიძლია, ვთქვათ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ბაზარზეა. კომისიის გადაწყვეტილებით, 15 იანვრიდან ამოქმედდა რევოლუციური რეგულაცია, რომლის მსგავსიც ბოლო 10 წელია ბაზარზე არ მიღებულა. საუბარია ინტერნეტის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ ხარჯებზე, რომელიც ზოგ შემთხვევაში, ხუთჯერ, ზოგში კი, ათჯერ შემცირდა და ეს მხოლოდ საბითუმო ბაზარს არ ეხება. ამ რეგულაციის მიზანი საბოლოო ჯამში, სწორედ ის არის, რომ ცვლილება აისახოს საცალო ბაზარზე, ანუ მომხმარებლისთვის არსებულ ტარიფებსა და კონკურენციაზე. ეს გადაწყვეტილება საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციას გამოიწვევს. საცალო ბაზარზე იყო დემპინგი, საბითუმოზე კი, შეუსაბამოდ მაღალი ტარიფები. შესაბამისად, ველოდებით, რომ პრობლემები, რომლებზეც ვსაუბრობდით, 15 იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციის შედეგად რადიკალურად შეცვლის ინტერნეტ ბაზრის მდგომარეობას, მაგრამ ამას დაახლოებით 5-6 წელი დასჭირდება. რეალური ხარჯები ის არის, რაც კომისიამ დათვალა. გუშინ კომისიამ გააკეთა ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება და დაველოდოთ, რა დასკვნას გააკეთებს საბოლოოდ,“ – განაცხადა უჩა სეთურმა.
სეთური ამბობს, რომ კომისიის მკაცრი პოზიციის შემდეგ ოპერატორებმა ფასების ზრდა უნდა შეაჩერონ.
„კომისიის ტონი აბსოლუტურად გასაგებია, განცხადების ტონი აშკარად მკაცრია. რაც ყველაზე მთავარია, ამ განცხადებაში, კომისიამ იცის, რასაც ამბობს და როგორც ჩანს, კარგად აქვს შესწავლილი პირობები, საცალო ტარიფები და ხარჯების გადანაწილება. ჩემთვის უფრო მეტი რამ ისმის ამ განცხადებიდან, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ვფიქრობ, კომპანიებმა ტარიფების გაზრდა უნდა შეაჩერონ“,- აცხადებს უჩა სეთური ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც მან აღნიშნა, კომუნიკაციების კომისიის ბოლო გადაწყვეტილებების ფონზე, როდესაც ინტერნეტის საბითუმო ბაზარზე ფასები შემცირდა, კომპანიებს ტარიფების ზრდის გადაწყვეტილების დასაბუთება გაუჭირდებათ.
„რითი იყო განპირობებული ფასის ზრდის გადაწყვეტილება, კომპანიებს ამის დასაბუთება ძალიან გაუჭირდებათ. ძალიან საინტერესოა, რა წინაპირობა ჰქონდათ, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, საბითუმო ბაზარზე ხარჯები არათუ განახევრდა, არამედ რამდენჯერმე შემცირდა. მცირე და საშუალო ბიზნესი ჩართული ვართ ამ პროცესში და ცალსახად ვამბობთ, რომ ტარიფების გაზრდის საჭიროებას ვერ ვხედავთ, პირიქით, უნდა გავზარდოთ ინტერნეტის ხარისხი. მცირე და საშუალო კომპანიები ცხადია, კონკურენციაში ვართ მონოპოლისტებთან, გვაქვს დიდი გამოწვევები, თუმცა ჩვენი მხრიდან ფასების ზრდა არ იგეგმება“, – განაცხადა უჩა სეთურმა.
„ჯეოსელის“, „სილქნეტისა“ და „მაგთის“ აბონენტთა ნაწილისთვის მომსახურების ტარიფები იზრდება.„მაგთის“ შემთხვევაში განახლებული ტარიფები 18 თებერვლიდან ამოქმედდება, „ჯეოსელისა“ და „სილქნეტის“ აბონენტებისთვის კი, პირველი მარტიდან.
კომუნიკაციების კომისიამ განაცხადა, რომ აბონენტებისთვის სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ტარიფის გაზრდის არანაირი წინაპირობა და საფუძველი არ არსებობს და საკითხს შეისწავლის.