2018 წლის 11 დეკემბერს, თბილისის თანამდეროვე ხელოვნების მუზეუმმა საქართველოს ინტერნეტმმართველობის (GeoIGF 2018) რიგით მე-4 ფორუმს უმასპინძლა. ფორუმი გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა, ეკა ყუბუსიძემ. მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს:
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინე აბულაძემ, ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) ევროპული ბიუროს დირექტორმა, ფრედერიკ დონკმა, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა, მერაბ ქათამაძემ, RIPE NCC-ის კომუნიკაციების მენეჯერმა ცენტრალურ აზიასა და კავსკასიაში, ვაჰან ჰოვსეპიანმა. ფორუმზე ვიდეო მიმართვით გამოვიდა გაეროს ინტერნეტმმართველობის ფორუმის მხარდამჭერი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მარკუს კუმერი.
GeoIGF-ის პირველი სესია ინტერნეტთან წვდომას და ფართოზოლოვან განვითარებას დაეთმო, სადაც განხილული იყო სახელმწიფო და კერძო სექტორის ძირითადი სიახლეები და სათემო ქსელების პერსპექტივები. მეორე სესია უსაფთხო ინტერნეტს, მასთან დაკავშირებულ რეგულაციებსა და გამოწვევებს ეხებოდა. წლევანდელ ფორუმზე ასევე ყურადღება გამახვილდა GE ქვეყნის კოდის ზედა დომენისა და .გე ქვეყნის ეროვნული ზედა დომენის ზონების განვითარების ტენდენციებსა და გამოწვევებზე, ასევე, ინტერნეტ კონტენტსა და საავტორო უფლებებზე. ფორუმის ბოლო სესიები მიეძღვნა ინტერნეტის ბაზარს და კონკურენციას და მომხმარებელთა ინტერნეტ მზადყოფნას. ფორუმის პანელურ განხილვებში ჩართული იყვნენ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, ტექნიკური საზოგადოების წარმომადგენლები, სტუდენტები და პროფესორები.
რიგით მეოთხე ფორუმი წინა ფორუმების მსგავსად მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა. განსაკუთრებული ინტერესი ფორუმმა სტუდენტებსა და შესაბამის სფეროებში დასაქმებულ ახალგაზრდებში გამოიწვია. ფორუმის ერთ-ერთი სესია დაეთმო საქართველოს ინტერნეტმმართველობის საზოგადოების ახალი თაობის შეხვედრას ე.წ. “I Star” ორგანიზაციებთან და გლობალურ და რეგიონულ ინტერნეტმმართველობის პლატფორმებთან. სესიის განმავლობაში ახალგაზრდები გაეცვნენ სხვადასხვა სასწავლო პროგრამებსა და საგრანტო შესაძლებლობებს. გარდა ამისა, წლევანდელ ფორუმზე სათემო ქსელების მხარდასაჭერად გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი VEON საქართველოს, მთის სათემო ქსელს, ISOC-სა და მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციას შორის.
GeoIGF ჩამოყალიბდა სახელმწიფო, კერძო, და არასამთავრობო სექტორების ურთიერთთანამშრომლობის შედეგად. პირველი ინტერნეტმმართველობის ფორუმი საქართველოში 2015 წლის დეკემბერში, ევროპის საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა, რომელზეც განხილული იყო ქვეყნის ინტერნეტ სივრცისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.
ფოტო გალერეა იხილეთ ბმულზე: geoigf.ge