საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით ასოციაციებთან და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს განაგრძობს.

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის უჩა სეთურის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტის არსებული რედაქციით ამოქმედება პირდაპირ დაემუქრება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების არსებობას სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, პარლამენტში წარდგენილი ცვლილებები განსაკუთრებით დისკრიმინაციულია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ და მისი შესრულება სცდება ასოციაციის წევრი და არაწევრი მცირე ოპერატორების შესაძლებლობებს.

„პროექტში არ არის დაკონკრეტებული თუ რომელი ტიპის და სატელეკომუნიკაციო მომსახურების ავტორიზებულ პირებს შეეხებათ ეს ვალდებულება, იმავე სამაუწყებლო ქსელის უზრუნველყოფაზე ავტორიზებულ პირებს – ე.წ. ტრანზიტულ მაუწყებლებს – ეს ვალდებულება ვერ დაეკისრება, საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ფუნქციებიდან გამომდინარე, და რომც დაეკისროს, ვერ შესრულდება.

დაუკონკრეტებელი ვალდებულებები და საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის მინიჭებული ფართო დისკრეცია ზრდის ტექნიკურ და ფინანსურ რისკებს სატელეკომუნიკაციო ბაზრის მოთამაშეებისთვის და არ შეესაბამება ფაქტობრივ მდგომარეობას და არსებულ მოცემულობებს“, – განაცხადა უჩა სეთურმა შეხვედრაზე.

მისი განცხადებით, სამწუხაროა, რომ აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტების პროექტის მომზადების პროცესში არ მოხდა სატელეკომუნიკაციო ბაზრის მოთამაშეების ჩართვა, რომელთა რაოდენობა 150 კომპანიას აჭარბებს და რომელთა დიდი უმეტესობა მცირე და საშუალო ბიზნეს ორგანიზაციაა.

აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით ანა დოლიძე უკვე შეხვდა მოძრაობას „ეს შენ გეხება“, საქართველოს სახალხო დაცველს, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, მსხვილი მობილური კომპანიების წარმომადგენლებს.

წყარო: www.newposts.ge