“საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია“ ინტერნეტის საბითუმო ბაზარზე მაღალ ფასებს აპროტესტებს.

სწორედ ამიტომ ასოციაციამ კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას განცხადებით მიმართა, რომ ჩატარდეს საბითუმო ბაზრის კვლევა და ანალიზი.

“ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი უჩა სეთური „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ საბითუმო ბაზარზე მოქმედი კომპანიები სატრანზიტო გატარებებისთვის მაღალ ფასს ითხოვენ. უჩა სეთურის თქმით, ეს პატარა სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს უზღუდავს შესაძლებლობას, რომ ინტერნეტი ბოლო მომხმარებლამდე კონკურენტულ ფასად მიიტანონ, რადგანაც ინტერნეტის საბითუმო შესყიდვის გარდა კომპანიას სხვა დამატებითი ხარჯებიც აქვს (საუბარია, ინტერნეტის რეგიონებში მიწოდებაზე). მეორე მხრივ კი, სეთურის განმარტებით, მცირე კომპანიებისთვის რესურსებზე ხელმისაწვდომობა არ არის უზრუნველყოფილი კონკურენტული პირობებით. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ არსებული სიტუაცია ქვეყანაში ინტერნეტის განვითარებას აფერხებს და არაკონკურენტულ გარემოს ქმნის.

საქმე ისაა, რომ ბაზრის რეგულირება კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2007 წელს მოახდინა და გამოავლინა მნიშვნელოვანი საბაზრო წილის მქონე ოპერატორები, რომლებსაც გარკვეული ვალდებულებები დააკისრა. 2007 წლის მდგომარეობით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე იურიდიულ პირებად დადგინდა შპს”ფოპტნეტი”, შპს ”რკინიგზის ტელეკომი”, შპს ”საქართველოს ტელეკომი” და სს „სილქნეტი”. 2007 წლის შემდეგ ბაზარზე გამოჩენილ კომპანიებს კომისიის რეგულაცია არ ეხება. უჩა სეთური ამბობს, რომ ამ წლების განმავლობაში ბაზარზე სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა, შედეგად, გამოჩნდნენ საკმაოდ მძლავრი კომპანიები და ისინი დღეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორების ვალდებულებების გარეშე საქმიანობენ.
რაც შეეხება რეგულირებას, კომუნიკაციების ეროვნული კომისია მნიშვნელოვანი საბაზრო წილის მქონე ოპერატორებს გარკვეულ ვალდებულებებს უწესებს, მათ შორის სატარიფო, ქსელზე დაშვებისა და არადისკრიმინაციული მიდგომის რეგულაციას. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიამ ყველას ერთიანი ტარიფით და გამჭვირვალედ უნდა მიაწოდოს ინტერნეტი. ამასთან, არ უნდა უთხრას უარი არცერთ სხვა კომპანიას ქსელთან დაშვებაზე იმისთვის, რომ შემდეგ ამ კომპანიამ ბოლო მომხმარებლამდე მიიტანოს ინტერნეტი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, “საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის“ მოთხოვნა შეეხება საბითუმო ინტერნეტ ბაზრის ორი სეგმენტის რეგულირებას და ამ სეგმენტებზე მოქმედი მონოპოლისტებისთვის სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრებას. განცხადებაში მარეგულირებელი კომისიის ჩართვა მოთხოვნილია ორი მიმართულებით: მაგისტრალურ ოპტიკურ წყვილებთან დაშვების და ასევე მაგისტრალურ სატელეკომუნიკაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე.

„ბაზარზე არსებული მდგომარეობის და მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობების მქონე კომპანიების მიდგომა კარგად გამოჩნდა მიმდინარე თვის 11 რიცხვში მარეგულირებელ კომისიაში გამართულ შეხვედრაზე გამართულ დისკუსიაზე, სადაც შპს „დელტა-ნეტის“ წარმომადგენელმა ღიად გააჟღერა მისი კომპანიის ტაქტიკა მცირე პროვაიდერებთან დაკავშირებით, კერძოდ თქვა, რომ შპს „დელტანეტი“ არ აპირებს მის ქსელთან დაუშვას სხვა ავტორიზებული პირები და თუ მცირე და საშუალო ოპერატორებს სურთ ტრანზიტული მომსახურება, ეს სერვისი მათ არ აქვთ და „ინტერნეტამდე მისასვლელად“ მათ ადგილზე უნდა იყიდონ შპს „დელტა-ნეტის“ ე.წ. „ლოკალური და გლობალური ინტერნეტი““,- წერია „ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის“ მიერ კომუნიკაციების კომისიაში წარდგენილ განცხადებაში.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ბაზრის ამ სეგმენტებზე ცალსახად იკვეთება შესვლის მაღალი დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, ორგანიზაციის აზრით, საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიები ზღუდავენ ბაზრის განხილულ სეგმენტებზე მსურველი ავტორიზებული პირების მიერ საქმიანობის დაწყებას და მათ განვითარებას.

„თავად ეს ოპერატორები, წარმოადგენენ ვერტიკალურად ინტეგრირებულ ოპერატორებს და აკონტროლებენ რესურსების სრულ სპექტრს და უმეტეს შემთხვევებში თავადვე საქმიანობენ საცალო ბაზარზე სადენიანი ან უსადენო ფიქსირებული ტექნოლოგიით მომსახურების ბაზარზე“,- აცხადებენ ასოციაციაში.

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ასოციაციის განცხადებაზე საქმის წარმოებას იწყებს. კომისიაში „კომერსანტს“ განუცხადეს, ამჟამად უწყებაში წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი