ინტერნეტბაზარი მცირე და საშუალო პროვაიდერებს კონკურენციის საშუალებას ართმევს. საბაზრო ძალაუფლების მქონე პირები რეგულირების გარეთ რჩებიან. დაურეგულირებელი ბაზრის ფონზე ინტერნეტიზაციის საყოველთაო პროგრამის განხორციელება დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.
მცირე და საშუალო პროვაიდერებს დიდი ინტერნეტკომპანიები ტრანზიტულ გზასა და დაშვების ქსელს სთავაზობენ, რათა პატარა კომპანიებმა მომხმარებლამდე ინტერნეტის “მიტანა” შეძლოს. საქართველოში არის ლოკაციები, სადაც ერთ კონკრეტულ ტრანზიტულ ქსელს ალტერნატივა არ აქვს, ხოლო ამ მომსახურების საფასური იმდენად მაღალია, რომ შეუძლებელს ხდის მსხვილი ოპერატორებისთვის კონკურენციის გაწევას.
“მსხვილი ოპერატორები ცდილობენ, რომ სხვა ქსელები ბაზარზე არ შეუშვან. დაშვების ტარიფი მაღალია განსაკუთრებით რეგიონში, რაც ბაზარზე შესვლის შესაძლებლობა ერთმევა მცირე და საშუალო პროვაიდერებს. მარეგულირებელი კომისია უნდა ებრძოლოს მონოპოლისტებს. ევროკავშირისგან საქართველოს აქვს ვალდებულება, ხელი შეუწყოს კონკურენციის განვითარებას”, – აცხადებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მედია და ტელეკომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელი უჩა სეთური.
უჩა სეთური, როგორც მცირე და საშუალო ინტერნეტპროვაიდერების ასოციაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ პროვაიდერების პირობები ერთმანეთთან მიმართებაში დისკრიმინაციულია. მისი თქმით, პირინგის (ურთიერთჩართვის, შიდა მიერთებების) ბაზარი დერეგულირებულია და არსებობს ტრანზიტული ფასების პრობლემაც:
“გატარების ფული, ფართთან დაშვების ფული, აპარატურის დაყენების ფული, ტრანსპორტირების ფული – ეს ყველაფერი გადასახედია. გარდა ამისა, პრობლემაა ლოკალური ინტერნეტები. ყველა სერვისი, რომელიც ოპერატორების შიგნით დევს, ხელმისაწვდომი უნდა იყოს სხვა ოპერატორებისთვის. “ონლაინის” სერვისი უნდა მიიღოს “სილქნეტმა” და “სიქლნეტის” სერვისი უნდა მიიღოს “კავკასუსმა”, – აცხადებს უჩა სეთური.
შპს „კავკასუს ონლაინის“ იურიდიული სამსახურის უფროსის გიორგი ჭელიძის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით “პირინგი” რეგულაციისგან გათავისუფლებული უნდა იყოს როგორც ტარიფის, ასევე ურთიერთჩართვის პირობების და წესების დადგენის თვალსაზრისით:
“მიზანშეწონილია, რომ კომუნიკაციის სფეროში ყველაზე უკეთ დარეგულირებული ურთიერთობა ისევ ისე დარჩეს, როგორც არის, ვიდრე არ ჩამოყალიბდება მოქმედების ისეთი წესები, რაც ხელს არ შეუშლის ბაზრის ამ სეგმენტის განვითარებას”, – განაცხადა გიორგი ჭელიძემ მარეგულირებელი კომისიის მიერ ჩატარებული ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის კვლევაში.
ამ კვლევის შედეგად 3 წლის წინ დადგინდა საბითუმო ბაზარი და 2013 წელს „კავკასუს ონლაინსა“ და „სილქნეტს“ ზედა ზღვრული ტარიფი, 1 მგბტ/წმ-ზე 32 ლარის (გადასახადების გარეშე) ოდენობით განესაზღვრათ. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირები გლობალური ინტერნეტის შემსყიდველ ოპერატორებს დაახლოებით 1.5-2-ჯერ (ხშირ შემთხვევაში უფრო მეტჯერაც) მაღალ ტარიფს სთავაზობდნენ.
მცირე და საშუალო ინტერნეტპროვაიდერების ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ კვლევა უნდა განმეორდეს, რადგან მდგომარეობა, მომხმარებლების რაოდენობა, ბაზრის კონიუნქტურა იცვლება. აქტორები იცვლებიან, მოთამაშეები შედიან-გამოდიან.
მცირე და საშუალო ინტერნეტპროვაიდერების თქმით, მათ 1 მეგაბიტი ინტერნეტის ყიდვა შიდა ტრაფიკის ჩათვლით 42 ლარი უჯდებათ და ეს ფასი არაადეკვატურად მაღალია. ოპერატორებისთვის მეგაბიტის ყიდვა დაახლოებით 32-ჯერ ძვირია, ვიდრე მომხმარებლებისთვის. საუბრობენ ასევე კაბელის გაყვანის, ჩადების პრობლემებზე:
“კაბელს ვერ ვკიდებთ ბოძებზე იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ კომპანიას აქვს ექსკლუზიური უფლებები. A პუნქტიდან B პუნქტამდე ინტერნეტის ჩატანა იმდენად ძვირი გვიჯდება, რომ არ გვრჩება საშუალება კონკურენცია გავუწიოთ დიდ ოპერატორებს. ჩვენნაირი პროვაიდერები იმიტომ არსებობენ, რომ თვითონ დიდი კომპანიებისთვის სოფლებში ინტერნეტის ოპტიკური ხაზით შეყვანა არამომგებიანია. დინოზავრების პერიოდია და ევოლუცია უნდა გავიაროთ. ამ პროცესს კი ბევრი ჩვენნაირი პატარა კომპანია შეეწირება”, – აცხადებს ვახტანგ გამსახურდია, შპს “ორდუნეტის” მფლობელი.
“უნდა ჩავატაროთ კვლევა და წლების შედეგების მიხედვით ახალი ტარიფი უნდა განვსაზღვროთ. მაგისტრალური ბაზრის კვლევა ჩასატარებელია აუცილებლად და ასეც მოხდება. ამას სჭირდება გარკვეული ნორმატიული ვალდებულებების შემუშავება, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ”, – ამბობს ვახტანგ აბაშიძე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავჯდომარე.
უჩა სეთური საუბრობს ხარვეზზე, რომელიც რეგულირების გარეთ ტოვებს არსებულ ინტერნეტკომპანიებს. 2009 წელს ევროკომისიამ მარეგულირებელ კომისიას კონკურენციის რეგულირებისთვის დამატებითი ინსტრუმენტები შესთავაზა. ერთ-ერთი მათგანია სტრუქტურული სეპარაცია, რომელიც გულისხმობს მონოპოლისტი კომპანიის დაშლას.
“დაყოფის ვალდებულება მხოლოდ იმ კომპანიებს შეიძლება დაეკისროთ, ვინც ამგვარი შერწყმის შედეგად შეიქმნება. სილქნეტი და კავკაზუსი ამ რეგულაციაში არ ხვდებიან. თუ დღეს არ შეერწყა ვიღაც ან ეს პროცესი რეგულაციის მერე მოხდა, კომპანია რეგულაციაში ვერ მოხვდება. მონოპოლისტი თუ ცუდად მოიქცა, მისი რეგულირებისთვის რა მნიშვნელობა აქვს ახლა გაერთიანდა, ისტორიულად ასეა, თუ პრივატიზაციის შედეგად შეიქმნა!”
თუ რა გავლენას იქონიებს ინტერნეტიზაციის პროექტი მცირე და საშუალო პროვაიდერების საქმიანობაზე, ამაზე არაერთგვაროვანი მოსაზრები არსებობს. ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ “ოუფენ ნეტმა” (კომპანია, რომელიც ინტერნეტინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს ახორციელებს) საკუთარი ხედვა და ტრაფიკი უნდა დადოს.
ა(ა)იპ “ოუფენ ნეტი” არის კომპანია, რომელიც “ბანკი ქართუს” დაფინანსებით მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს განახორციელებს.
პროექტის მიხედვით, ინტერნეტით დაიქსელება დაახლოებით 2 ათასი ლოკაცია. მთავრობის წევრების განცხადებით, ყველა ოპერატორს ქსელზე არადისკრიმინაციული წვდომა ექნება:
“დღეს მცირე პროვაიდერებს რადიოხაზების მეშვეობით მიაქვთ რეგიონებში ინტერნეტი. ქსელის დაგრძელების შემდეგ, თუ ფასი ადეკვატური იქნება და პროვაიდერებს საშუალება ექნებათ, დაშალონ და დაურიგონ საცალო მომხმარებლებს ინტერნეტი, ეს კონკურენციის თვალსაზრისით კარგი იქნება. მაგრამ თუ პროვაიდერი რეგიონში ძვირად მივა, ეს მცირე პროვაიდერებისთვის სავალალო შედეგს მოიტანს. ბევრი დეტალია გასათვლელი და სანახავი”.
ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ თუ არსებული ტრანზიტული ქსელი არ დარეგულირდა, ქსელის დაგრძელებით პრობლემები არ მოგვარდება.
ჟურნალი “ლიბერალი“, სოფო გოგიშვილი