მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი უჩა სეთური მიიჩნევს, რომ “მაგთიმ” და “ჯეოსელმა” სახელმწიფოს ტარიფების გაზრდა აიძულეს.
“მივიღეთ მონოპოლისტების დიქტატი, მათ შემსყიდველს ახალი პირობები უკარნახეს და ტენდერის ფასები გააზრდევინეს”, – აცხდებს სეთური bm.ge-სთან საუბრისას. მისი აზრით, პრობლემას ქმნის ის რომ არ ვიცით როგორია ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფი სინამდვილეში, არც საცალო და არც საბითუმო ბაზარზე.
“საინტერესოა, როგორ მოხდა, რომ 5 წლის განმავლობაში ეს ფასები მისაღები იყო და დღეს, როცა მთელ მსოფლიოში ინტერნეტის ფასები მცირდება, უკვე მიუღებელი აღმოჩნდა. გაზრდილია მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა, გაზრდილია ტრაფიკი, რის გამოც უნდა შემცირებულიყო საბითუმო ხარჯები და აღმოჩნდა, რომ გაეზარდათ. ვეღარ ვხვდები რა ხდება ბევრი კითხვაა. მარეგულირებელი კომისიის ადგილას რომ ვიყო პასუხი მექნებოდა”, -აღნიშნა უჩა სეთურმა.
მისი თქმით, დასარეგულირებელია ინტერნეტის, როგორც საბითუმო, ისე საცალო ბაზარი, ეს კი მარეგულირებელი კომისიის პრეროგატივაა.
შეგახსენებთ, რომ შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ხელახალ ტენდერში, სადაც მობილური ინტერნეტის ფასები, ჩაშლილ ტენდერთან შედარებით გაზრდილია, სამივე მობილური ოპერატორი გამარჯვებულად დასახელდა. ამასთან მეორე ტენდერში “მაგთიმ” და “ჯეოსელმა” მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს მონაწილეობა, რაც სახელმწიფოს შეთავაზებული ფასები შეიცვალა.