2005 წელს საქართველომ, ევრო დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად, სატელეკომუნიკაციო სფეროში არსებული კანონმდებლობის სრული ჰარმონიზაცია განახორციელა.

კანონმდებლობის თანახმად სატელეკომუნიკაციო ბაზარზე უნდა მოხდეს მსურველი ოპერატორების შეუზღუდავი, არადისკრიმინაციული დაშვება. კანონმდებლობაში, ასევე, მითითებულია, რომ საცალო ინტერნეტ მომსახურების სეგმენტთან მჭიდროდ დაკავშირებული საბითუმო ბაზრის სეგმენტები უნდა იყოს ღია.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ჩაატარა ბაზრის კვლევა, გამოავლინა მონოპოლისტები, მაგრამ 2008-2009 წლებში პროცესი შეჩერდა. დაურეგულირებელ ბაზარზე შედეგად მივიღეთ ის, რომ, დღეს, ახალი გამოწვევების შესაბამისად, რეგიონში არსებულ მცირე და საშუალო ოპერატორებს მონოპოლისტ კომპანიებთან კონკურენცია უჭირთ.
ახლახანს, საინიციატივო ჯგუფის მიერ ჩამოყალიბდა „მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაცია“, რომელმაც მარეგულირებელ კომისიას უკვე მიმართა ბაზრის რეგულაციის მოთხოვნით.
„ჩვენი მიზანია, მცირე ზომის ოპერატორებს, რომელთაც რესურსების და კომუნიკაციის ნაკლებობის გამო უჭირთ ბაზარზე არსებული გამოწვევების გამკლავება, გავუწიოთ სამართლებრივი დახმარება, მივაწოდოთ ინფორმაცია და ვიყოთ მათი წარმომადგენლები იქ, სადაც ამის კანონიერი საჭიროება დადგება, იქნება ეს მარეგულირებელი კომისია, ეკონომიკის სამინისტრო, თვითმმართველობები თუ სხვა. ჩვენ ვეცდებით, არა მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციის წევრებისთვის, არამედ ზოგადად, ქვეყანაში, მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების საქმიანობის ხარისხის ამაღლებას და მათთვის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას“, – აღნიშნა „ზეტთან“ საუბარში ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა სეთურმა.
რას გულისხმობთ გამოწვევებში?
ამ ეტაპზე არსებობს 3 მთავარი გამოწვევა. მათ შორის პირველი არის „ოფენ ნეტი“-ს მიერ განსახორციელებელი ინციატივა, რომლის სწორად, არადისკრიმინაციულად დაგეგმვა და რეალიზაცია უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ინტერნეტ ბაზრის და ზოგადად ქართული ინტერნეტის განვითარებისთვის. მეორე – 2005 წლის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ინტერნეტის ინფრასტრუქტურის საბითუმო ბაზრის რეგულაცია, რის თაობაზეც უკვე შევიტანეთ განცხადება მარეგულირებელ კომისიაში და ველოდებით წარმოების დაწყებას. კერძოდ, ვითხოვთ ე.წ. ოპტიკური წყვილებთან დაშვების ბაზრის და დაშვების ტარიფების რეგულირებას, ამ ბაზარზე მონოპოლისტების გამოვლენას, ასევე, მონაცემთა გადაცემისთვის განკუთვნილი სატელეკომუნიკაციო არხების ბაზრის გამოკვლევას და მის ლიბერალიზაციას.
ბაზრის რეგულაცია უმნიშნელოვანესი საკითხია „ოფენ ნეტის“ პროექტის დროულად და იმ პრინციპების მიხედვით განსახორციელებლად, რომელიც ქვეყნის მთავრობამ და პროცესთან დაკავშირებულმა გუნდმა დააანონსა. როგორც იცით, „ოფენ ნეტი“-ს მიერ უნდა მოხდეს მთელი საქართველოს ოპტიკური ქსელით დაფარვა, ფონდ ქართუს დაფინანსებით. ეს ფულადი რესურსი არის საჩუქარი ქვეყნის მოსახლეობისთვის. მისი დახარჯვა სწორად, გამჭვირვალედ, ქვეყნის ინტერესების და არა დომინანტი ოპერატორების ინტერესების შესაბამისად უნდა მოხდეს. სამწუხაროდ, ადრეულ ეტაპზე მოლაპარაკებები წარმოებდა მხოლოდ დიდ კომპანიებთან და მცირე კომპანიები, თავისთავად, ბარიერის იქით რჩებოდნენ. თუ აშენდება ოპტიკური ეროვნული ქსელი და მისი გამოყენების ფასები მაღალი დარჩება, ეს ისევ, მხოლოდ, დიდი კომპანიების წისქვილზე დაასხამს წყალს და მდგომარეობას ვერ შეცვლის.
ჩვენ, მცირე კომპანიებს, სიგნალები Wi-Fi ტექნოლოგიით ჩაგვაქვს, რადიოლინკებით გვყავს მიყვანილი რეგიონის მოსახლეობამდე. გამოდის, რომ თუ ჩვენი „ნოუ ჰაუ“ გვერდზე დარჩება, კონკრეტულ სოფელში შევა ოპტიკური ქსელი, ხოლო მისი ფასი კვლავ ძვირი იქნება, მცირე და საშუალო ბიზნესი რეგიონებში ამ პროექტის რეალიზაციით დიდი სიკეთეს ვერ ნახავს. სწორედ ამიტომ, ბევრია ამ მიმართულებით სამუშაო.
მესამე და ასევე, მთავარი საკითხია ნებართვები მუნიციპალიტეტებისგან, სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მფლობელებისგან, ან ქვემეიჯარეებისგან. საჭიროა დროული ნებართვები ოპტიკური კაბელის გასაყვანად, ასევე, ანძების ასაშენებლად. აღმოჩნდა, რომ „დელტა-ნეტს“ აქვს ექსკლუზიური კონტრაქტი „ენერგოპრო ჯორჯიას“ ინფრასტრუქტურის გამოყენებაზე, ვგულისხმობ „ენერგოპრო ჯორჯიას“ ბოძებზე ოპტიკური სადენების ჩამოკიდებას. აქ სხვა კაბელების განთავსება შეუძლებელია, რაც ძალიან ცუდ პირობებში გვაყენებს ჩვენ და შესაბამისად საბოლო მომხმარებელს. ვითხოვთ ნებართვას, რომ მცირე ოპერატორებსაც მოგვეცეს ამ ბოზებზე კაბელების იგივე პირობებით ჩამოკიდების საშუალება, როგორიც აქვს „დელტა-ნეტს“. ამ ეტაპზე, მიმდინარეობის მოლაპარაკებები, რომლის წარუმატებლობის შემთხვევაში მივმართავთ მარეგულირებელ კომისიას და საქართველოს ანტიმონოპოლიურ სამსახურს.
გარდა ამისა, ოპტიკური კაბელის გაყვანა არ არის ის სამუშაო, რომელიც ნებისმიერ დროს და პირობებში შეგიძლია განახორციელო. ამიტომ საჭროა ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა ყველასთვის მსგავსი საკითხების დროულად მოსაგვარებლად. 2009 წელს ევროკავშირმა ცვლილებები შეიტანა მის ე.წ. დაშვების დირექტივაში, რაც გულისხმობს, რომ ნებისმიერი ინფრასტრუქტურა, რომელიც გამოდგება ტელეკომისთვის, უნდა იქნას გამოყენებული, როგორც სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა. თუ საქართველოშიც მივიღებთ მსგავს კანონმდებლობას, მაშინ შევძლებთ მის ამოქმედებას და მფლობელებთან მოლაპარაკებას. მცირე კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია მუშაობის დროს არ შეიქმნას დამატებითი ხელოვნური ბარიერები, რაც დიდ კომპანიებთან შედარებით უფრო მძიმედ აისახება მათ ფინანსურ მდგომარეობაზე.
მცირე და საშუალო კომპანიები ამბობენ, რომ დღეს ჩვენ ბაზარზე ქსელის გამოყენების და შესაბამისად ინტერნეტის ფასი ძალიან მაღალია. როგორ უნდა მოხდეს ფასების რეგულირება?
დღეს ხდება შემდეგნაირად, დიდი ოპერატორები თვითონ მიდიან რეგიონებში და მცირე კომპანიებს სთავაზობენ მათ საკუთარ ინტერნეტს ადგილზე, ტრანზიტის ფასნამატის ჩათვლით. მცირე პროვაიდერს სხვა გამოსავალი არ აქვს. იგი იძულებულია იყიდოს მისი ინტერნეტი, ვინც იმ რეგიონში არის, თანაც ტრანზიტში(მაგალითად თბილისიდან დასავლეთ საქართველოში) იხდის ფასის პროცენტს (20%–მდე) ან მოჭრილ თანხას დამატებით. რატომ მაინცადამაინც თბილისი, ან რატომ მაინცადამაინც „დელტა ნეტი“, “ფოპტნეტი” ან „სილქნეტი“ და აუცილებლად ადგილზე? ეს მცირე კომპანიის გადასაწყვეტი უნდა იყოს რა წერტილიდან და რომელი კომპანიისგან აიღებს ინტერნეტს თბილისში. თუმცა თბილისამდე უნდა მოდიოდეს თავად, სატრანზიტო ქსელის გამოყენებით, რომლის ფასიც ხარჯებზე ორიენტირებული იქნება
საქმე გამარტივდება, თუ მცირე და საშუალო ოპერატორებს არჩევანის საშუალება მიეცემათ. საქართველოში, უკვე, 3 წელია არსებობს ნეიტრალური დატა ცენტრი „ნიუტელკო ჯორჯია“. თუ ყველა გლობალური ინტერნეტ გამყიდველი მივა ამ დატა ცენტრში, მცირე კომპანიაც საკუთარი ძალებით, იაფად, ჩამოვა, აირჩევს რომელი კომპანიის პირობები და ფასები ურჩევნია და მას ჩაერთვება. თუ აღარ იქნება მისაღები, მარტივად შეიცვლის ოპერატორს. ასევე, ყველა ყველას ჩაერთვება IXP -ში (ინტერნეტი გაცვლის ცენტრი) და დასრულდება ქსელების მონოპოლიზების ეტაპი.
რა როლი აქვს ბაზრის რეგულირებაში კომისიას?
მარეგულირებლის ვალდებულება არის ბაზარზე შექმნას შემოსვლის კარგი პირობები, დაარეგულიროს ბაზრის იმ სეგმენტებზე კონკურენცია, სადაც ამის საჭიროება არსებობს. თუმცა მხოლოდ მარეგულირებელისკენ ვერ გავიშვერთ ხელს, ასევე, დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი დარგის გრძელვადიანი განვითარების პოლიტიკის შემუშავებაზე. როდესაც ეკონომიკის სამინისტრო დადებს დოკუმენტს, შემდეგ შეგვიძლია მოვთხოვოთ მარეგულირებელს მისი ზედმიწევნით შერულება.
„ოფენ ნეტი“ -ს ოპტიკური ქსელის აგება ხომ არ ნიშნავს საქართველოში Wi-Fi ტექნოლოგიით სიგნალის გადაცემის დასასრულს?
არა, ეს ტექნოლოგია არ და ვერ მოკვდება. თუ შევხედავთ სხვა ბაზრების დინამიკას, იქაც მსგავსი სიტუაციაა. მით უმეტეს, რომ ჩვენ ქვეყანაში არსებობს სოფლები, სადაც 200-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს. ასეთ სოფლებში „ოფენ ნეტი“ არ გეგმავს შესვლას. აქ ოპტიმალურია მაღალი სიმძლავრეების რადიოსიგნალების მეშვეობით მიწოდება. ეს პრაქტიკა ბევრ სხვა ქვეყანაში მუშაობს. ამავდროულად ეს ტექნოლოგია ბოლო მომხმარებლამდე მისვლის საშუალებაა. ოპერატორი თავად გადაწყვეტს ე.წ. ბოლო მილი (ოპტიკის დაბოლოვებიდან მომხმარებლამდე მანძილი) დააბოლოვოს ოპტიკური კაბელით თუ რადიო Wi-Fi ქსელით.
და ბოლოს, ვინ არის გაწევრიანებული თქვენს ასოციაციაში და როგორ შეუძლიათ კომპანიებს დახმარებისთვის მოგმართონ?
ორგანიზაცის ყავს გამგეობა სადაც ამ ეტაპზე, არჩეულია 7 ოპერატორის წარმომადგენელი. ასოციაციას, ასევე, ყავს 30-მდე წევრი და მისი შენახვა საწევროებით ხდება.
მინდა ყველა მცირე და საშუალო ოპერატორი მოვიწვიო ჩვენს ორგანიზაციაში. ასოციაციაში გაწევრიანება შეუძლია არა მხოლოდ ინტერნეტ პროვაიდერებს, არამედ ნებისმიერ კომპანიას, რომელიც ტელეკომის ბაზარზე რაიმე სერვისს ქმნის. შეიძლება ეს იყოს საერთაშორისო სატელეფონო ტრაფიკის შემომტანი, ან ჰოსტინგის კომპანია და ა.შ. ერთადერთი მოთხოვნაა წევრებისადმი, რომ ისინი არ იყვნენ მონოპოლისტები.