თუშეთში, 10-მდე სოფელს, 2016 წლის ოქტომბრის ბოლომდე ინტერნეტი და ტელევიზია ექნება. „თუშეთის განვითარების ფონდის“ ინფორმაციით, თუშეთის ინტერნეტიზაციის პროექტს ბელგიის მთავრობა დააფინანსებს. ტურისტული სეზონის დასრულებამდე კი ის კომპანია გამოვლინდება, რომელიც თუშეთის სოფლებში ინტერნეტის გაყვანას უზრუნველყოფს. მათივე თქმით, სატელევიზიო სიგნალის გავრცელებას საქართველოს ტელერადიო ცენტრი სახელმწიფოს დაფინანსებით განახორციელებს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს „თუშეთის განვითარების ფონდის“ ერთ-ერთმა წევრმა ლევან სულაკაურმა უთხრა, თუშეთში ინტერნეტის შეყვანის პროექტი ტურიზმის განვითარებას და ვიზიტორებთან ხარისხიანი კომუნიკაციის სერვისის გაზრდას, ასევე ადგილობრივების დასაქმებას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, თუშეთში მცხოვრებ მოსახლეობას ინტერნეტის შეყვანა – ინსტალაცია 100-დან 150 ლარამდე დაუჯდება, ყოველთვიური გადასახადი კი 30-დან 40 ლარის ფარგლებში განისაზღვრება.
„თუშეთის განვითარების ფონდი“ ინტერნეტიზაციის საკითხზე თუშეთში მდებარე სასტუმროების მეპატრონეებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას ხვალ,17 ივლისს გამართავს.
„თუშეთის განვითარების ფონდს“ აქვს დათვლილი ხარჯები, ასევე აღწერილია ის ტექნიკური სამუშაოები, რაც მთაში ინტერნეტის მიყვანას სჭირდება. ფონდი იღებს საკუთარ თავზე, რომ მოსახლეობის თხოვნით შედგეს ოქმი, რომელიც „კომუნიკაციების ასოციაციაში“ გადაიგზავნება. სწორედ აღნიშნული კომპანიის დახმარებით დააფინანსებს ბელგიის მთავრობა თუშეთის ინტერნეტიზაციის პროექტს. ინტერნეტის არარსებობა მთაში კომუნიკაციის პრობლემას ქმნის. ინტერნეტის შემოყვანის შემდეგ კი უფრო მეტ ტურისტს მოვიზიდავთ და ეს დარგი მეტად განვითარდება. 2016 წლის ტურისტული სეზონის დასრულებამდე სავარაუდოდ მხოლოდ 10 სოფლის ინტერნეტიზაცია მოხდება. ძირითადად გათვალისწინებულია ის სოფლები, სადაც საოჯახო სასტუმროები და ადგილობრივი მოსახლეობა მეტია. პირველ ეტაპზე, ამ სოფლებში შედის – ომალო, დიკლო, შენაქო. მომავალი წლის ბოლომდე კი ინტერნეტი თუშეთის სოფლების 90%-ს ექნება. თუშეთში ადგილობრივი ახალგაზრდებისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი იმუშავებს, რომელიც ტექნიკურ სამუშაოებს შეასრულებს. ინტერნეტის შეყვანა თეფშების საშუალებით მოხდება. ასევე გამოიყენება უღელტეხილზე და სოფელ ომალოში არსებული სატელევიზიო ანძები. ტელევიზიის შეყვანა სახელმწიფო პროექტია, რომელსაც ტელერადიო ცენტრი განახორციელებს“,- უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლევან სულაკაურმა.
თუშეთში 45-მდე სოფელია, თუმცა უმეტესობა დაცლილია. მუდმივად მხოლოდ 30-მდე ოჯახი ცხოვრობს. თუშეთში ზესონურად 20–ზე მეტი საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს.
წყარო: ick.ge